English / ქართული / русский /
მურმან კვარაცხელია
სიღარიბე და დასაქმების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია

საქართველოში ეკონომიკური კრიზისი სისტემური ხასიათის გახდა. მისი შედეგი ბევრად უწყობს ხელს მოსახლეობის გარკვეული ფენების ცხოვრების დონის პოლარიზაციას. ამის გამოვლინების ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სიღარიბისა და დასაქმების პრობლემებია.

ქვეყანაში წარმოიშვა არაორდინალური სიტუაცია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უმუშევრობის პრობლემას ვერ წყვეტს.საქართველოში, რომელიც გარდამავალი ქვეყნის სტატუსის მატარებელია, მოსახლეობის დაახლოებით 8%-მდე, ანუ 300 000-მდე ადამიანი უმუშევრობის რეჟიმში ცხოვრობს. ფაქტია, რომ ჩვენში თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა ბევრად მეტიასხვა ქვეყნებთან შედარებით.სოფლად მცხოვრები ყველა ადამიანი თვით დასაქმებულად ითვლება. თუმცა მათი შემოსავლები არასტაბილურია და დაბალი.

ასე მაგალითად, თუ შევადარებთ ევროკავშირის ქვეყნებს, იქ 85% დაქირავებითაა დასაქმებული, ხოლო დანარჩენი 15% თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოში სტატისტიკური მონაცემები საწინააღმდეგო ტენდენციას გვიჩვენებს. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 32%-ია, ხოლო თვითდასაქმებულები - 68%. ასევე, სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში დასაქმებულია ერთ მლნ-მდე ადამიანი. აქედან 48% აგრარულ სექტორზე მოდის, რომლებიც აწარმოებენ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს. აქედან ცხადია, რომ ამ სექტორში შრომის დაბალი კულტურაა.

დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება საშუალო ხელფასის დონეც. საქართველო ამ მხრივ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების სტატისტიკური მონაცემებით მე-8 ადგილზე იმყოფება. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან დღე სსაშუალო ხელფასის დონე ყველაზე მაღალია ესტონეთში, ყველაზე დაბალი კი-ტაჯიკეთში. ესტონეთში საშუალო ხელფასის დონე 8,5-ჯერ მაღალია ტაჯიკეთთან შედარებით და სამჯერ უფრო მაღალი ვიდრე საქართველოშია. თუმცა საქართველოში საშუალო ხელფასის დონე 75%-ით მაღალია ჩვენი ეკონომიკის მსგავსი პოტენციალის მქონე ქვეყნებთან შედარებით.

მოსახლეობის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 2016 წლის დეკემბერში შეადგენდა 162 ლარს, ანუ დაახლოებით 70 დოლარს. ხოლო 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით გაიზარდა 174 ლარამდე, ანუ დაახლოებით 75$-მდე. მნიშვნელოვანია საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი, რომელიც 70%-ია, აშშ-ში - 6,4%, სინგაპურში - 6,7 %, შვეიცარიაში - 8,7%, ავსტრიაში- 9,9%.

დღეისათვის სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი ქვეყანაში შეადგენს 22,3 %-ს, ანუ 792 000 კაცს. 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის 42,5%, ხოლო 2014 წელს - 32,2% უკიდურესადღარიბთა კატეგორიას განეკუთვნება.

ყოველივეამის შედეგად ქვეყანაში გაჩნდა ახალი მდიდრებისა და ახალი ღარიბების ფენები. ცხადია, სოციალურმა პოლარიზაციამ შეუქცევადი სახე მიიღო.

ჩვენი აზრით, აუცილებელია, არსებულთან ერთად შეიქმნას კიდევ უფრო თანამედროვე ეკონომიკის მყარი და უსაფრთხო განვითარების პროგრამები ხანგრძლივი პერიოდისათვის

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია. სიღარიბე და დასაქმება. თვითდასაქმებული. საშუალო ხელფასი. საშუალო ფენა.

შესავალი

საქართველოში ეკონომიკის განვითარების ტემპები უფრო მეტ პრობლემებს ქმნის სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის მხრივ. ქვეყნის დამოუკიდებლობის თითქმის სამი თეული წელი რეფორმების გატარების კუთხით ბევრ სასიკეთო შედეგს არ იძლევა.

საქართველოში ეკონომიკის უამრავი რეფორმის გატარების მიუხედავად, მოსახლეობის ცხოვრების დონის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლების მიხედვით არსებითი პროგრესი არ არის მიღწეული. ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა სიღარიბისა და დასაქმების მაჩვენებლების მიხედვით. პოლიტიკურ თუ სოციალურ სპექტრში შესამჩნევი ცვლილებების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში ახალი მიდგომების ძიებაა ის აუცილებელი სტრატეგიული ხაზი, რომელიც სიღარიბისა და დასაქმების პრობლემას თანდათანობით გადაწყვეტს უახლოესი პერიოდის განმავლობაში.

* * *

გლობალიზაციის პროცესის თანამედროვე ტენდენციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. განვითრებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპები ჯერ კიდევ შორსაა იმ ნიშნულიდან, როდესაც ისინი მიუახლოვდებიან განვითარებული ქვეყნების სტატუსს. მათი უმთავრესი პრობლემა სიღარიბე და დასაქმებაა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებში შესამჩნევად მცირდება აქტიური მოსახლეობის რაოდენობა. ეს უმთავრესად გამოწვეულია იმ არაპროგნოზირებადი მიგრაციული პროცესებით, რომლებიც ხორციელდება ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს პირობებში ქრონიკული უმუშევრობის რეჟიმში იმყოფება მთელი მოსახლეობის 8%-მდე, ანუ დაახლოებით 300 ათასი ადამიანი. თუ ამას დავუმატებთ თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითქმის ერთი იმდენიც რეალურად დაუსაქმებელია. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანები თვითდასაქმებულად ითვლებიან [2].

ჩვენი აზრით, ეს მეთოდოლოგიური ნონსენსია, რადგან სოფლის მოსახლეობა შემოსავლების კუთხით ბევრად ჩამორჩება ქალაქში რეალურად დასაქმებულებს.

სიღარიბის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მოგვარება ბევრადაა დამოკიდებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და შრომის ანაზღაურებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი. თუ შევადარებთ ევროკავშირის ქვეყნებს, იქ 85% დაქირავებით დასაქმებულია, ხოლო 15% − თვითდასაქმებული. საქართველოში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, დაქირავებით დასაქმებულია 32% და თვითდასაქმებული კი − 68%. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლად მცხოვრები (თითქმის ყველა) ითვლება თვითდასაქმებულად, საქართველოში მოქმედი უმუშევრობის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საფუძველზე უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა გვიჩვენებს. ციფრობრივი მონაცემებით საქართველოში თვითდასაქმებული ერთ მლნ-მდეა, აქედან 48% აგრარულ სექტორზე მოდის[2]. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებული ადამიანი აწარმოებს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ს[2], რომელიც მეტყველებს ამ სექტორში შრომის მწარმოებლობის დაბალ დონეზე.

ქვეყანაში არსებული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 450 ათასამდე „დასაქმებული“ ზედმეტადაა მიწერილი სოფელ ადგილებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანები დროებით გასული არიან ქვეყნიდან ქანქარისებური მიგრაციის პრინციპით. ამ შემთხვევაში, რეალურად ქვეყანაში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად მაღალია და მერყეობს 40%-ის ფარგლებში.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა უშუალო კავშირშია მოსახლეობის შემოსავლებთან. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საშუალო ხელფასის პრობლემა. ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილია, რომ საშუალო ხელფასის გაანგარშების მეთოდოლოგია სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. მაგალითად, აშშ-ში საშუალო ხელფასებში არ შედის მსხვილი მენეჯერების, მაღალი ანაზღაურების მქონე იურისტების და სპორტსმენების ხელფასები, რათა ხელოვნურად არ გაიზარდოს ეს მაჩვენებელი.

ამ მხრივ საინტერესოა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა. მოსახლეობის ყოველთვიური საშუალო ხელფასის დონე ესტონეთის სტატისტიკური ბაზის მონაცემებით ყველაზე მაღალია ამ ქვეყანაში [3]. ყველაზე დაბალი კი − ტაჯიკეთში. ესტონეთში − საშუალო თვიური ხელფასი დოლარის ეკვივალენტში შეადგენს 994 აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში − 333 აშშ დოლარს და იმყოფება მე-8 ადგილზე, ტაჯიკეთში − 116 აშშ დოლარია. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 70-75%-ით მაღალია, ვიდრე ჩვენი ეკონომიკის მსგავსი პოტენციალის მქონე ქვეყნებში, რაც მცდარია მისი გამოანგარიშების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე.

როგორ ზემოთ მითითებულიდან ჩანს, სიღარიბის პრობლემა სისტემურ ხასაიათს ატარებს საქართველოში. ის მჭიდრო კავშირშია ეკონომიკის ტრანსფორმაციულ პროცესებთან, განსაკუთრებით მის სოციალურ მახასიათებლებთან. ამ მხრივ მნიშნელოვანია ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა საარსებო მინიმუმი. ასე მაგალითად, საქართველოში 2016 წლის დეკემბერში იგი შეადგენდა 161, 6 ლარს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი -143,1 ლარს, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი -271,7 ლარს. 2017 წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმმა შეადგინა 174 ლარი. აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით. საქართველოში 2017 წლის 1 ივლისის მონაცემებით შემოსავლების 44% საკვები პროდუქტების შეძენაზე იხარჯებოდა. ეს მაჩვენებელი შესამჩნევად დაბალია განვითარებულ ქვეყნებში. ასე მაგალითად, აშშ-ში შეადგენდა 6,4%-ს, სინგაპურში - 6,7%-ს, შვეიცარიაში 8,7%-ს, ავსტრიაში -9,9%-ს [1;გვ.68-69].

აღნიშნული მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია სიღარიბესთან. მაგალითად, აშშ-ს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 20% სურსათზე ხარჯავს შემოსავლების 28%-ს, კამერუნში იგი შეადგენს 45% -ს, კენიაში-46%-ს.[4].

საქართველოში სიღარიბის პრობლემების მწვავე ხასიათზე მიუთითებს შემდეგი ციფრები: 2017 წლის მონაცემებით სამომხმარებლო კალათა შედგებოდა 305 სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურებისგან შესაბამისი ხვედრითი წილით. ასე გამოიყურება ზოგიერთი მათგანი: თამბაქო − 6,4%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი − 3,4%, საცხოვრებელი სახლი და კომუნალური ხარჯები − 8,4%, ჯანდაცვა − 8,4%, ტრანსპორტი − 13,1%, კავშირგაბმულობა − 3,7%, დასვენება, გართობა, კულტურა-6,4%, განათლება − 4,7%, სასტუმროები, კაფეები, რესტორნები − 4,9%, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება − 4,9 [2].

სიღარიბის დონის მხრივ საქართველოში სიტუაციები ცვალებადია, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეულია სტატისტიკური მეთოდის გამოყენებით, რომელიც ემყარება მოსახლეობის ყველაზე უქონელი 10%-ის ფაქტობრივ მინიმალურ მოხმარებას. თუ ოფიციალურად 2000 წლის საარსებო მინიმუმი დაფიქსირდა 127, 9 ლარი, 2004 წლისათვის (ახალი მეთოდიკით) იგი შეიცვალა 84,3 ლარით, შესაბამისად სიღარიბის დონე, 2004 წლის 52%-ის ნაცვლად აღმოჩნდა 35,7%, ხოლო 2005 წლისა - 39,4%. ეს მაშინ, როცა ადრინდელი მეთოდიკით იგი 2005 წელს შეადგენდა 57,7%. 2006 წელს (ახალი მეთოდიკით) შეადგინა 40,3%. შემდეგ ეს მონაცემები შეიცვალა და აღმოჩნდა რომ, თურმე 2004 წელს იგი შეადგენდა 24,6 %-ს, 2005 წელს − 24,1%-ს, 2006 წელს − 23-,3%-ს, 2007 -21,3%-ს. ბოლო მონაცემებით კი სიღარიბის ზღვარი საქართველოში შეადგენდა: 2011 წელს − 9,2%-ს, 2014 წელს - 11,6 %-ს, 2015 წელს − 10,1%-ს[5].

ფაქტია, რომ ეს მაჩვენებლები არარეგულარულია. აქ სიღარიბის დონე ხელოვნურად შემცირებულია. თუ გადავხედავთ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში სულ 1632403 ადამიანი იყო რეგისტრირებული [6], რაც მოსახლეობის 36,5%-ია, თუმცა მოსახლეობის 8,7 % (394819 კაცი) ითვლებოდა ღატაკად და საარსებო შემწეობას იღებდა, 2016 წელს ამ მონაცემებმა შეადგინა 733863 კაცი (11%) [5].

2017 წლიდან საქართველოში უკვე მუშავდება სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლები „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდის“ გამოყენებით. ეს ითვალისწინებს სიღარიბის ზღვარის განსაზღვრას შინამეურნეობის შემოსავლების და ხარჯების კვლევის მონაცემების საფუძველზე. ახალი მონაცემებით, 2016 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შეადგენს 21, 3%-ს ანუ 792 ათას კაცს. ჩვენი აზრით, ეს მონაცემები რეალობასთან უფრო ახლოსაა [2].

თუ მსოფლიო ბანკის მონაცემებს დავეყრდნობით, 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის 42,5 %, ხოლო 2014 წელს 32,2% უკიდურესად ღარიბი იყო [5]. აქედან ცხადია, სოციალური პოლიტიკის მანიპულირება მიუთითებს მოსახლეობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე.

ცნობილია, რომ ქვეყანაში ჩამოშლილი ეკონომიკა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. საქართველოში ხანგრძლივად გაწელილმა გარდამავალმა პერიოდმა იმის ნაცვლად, რომ ჩამოყალიბებულიყო მოსახლეობის საშუალო ფენა, რეალურად ჩამოყალიბდა ახალი მდიდრებისა და ახალი ღარიბების ფენა, ანუ სოციალურმა პოლარიზაციამ შეუქცევადი სახე მიიღო. თუმცა ეს შეიძლება ზოგადსაკაცობრიო პრობლემად განვიხილოთ. ამიტომ დღეს საქართველოში სიღარიბე შეიძლება ვაღიაროთ განსაკუთრებული ტიპის სოციალურ-პოლიტიკურ რეალობად, რომელიც საზოგადოების განვითარების შეფერხების ხელშემწყობი ფაქტორი ხდება.

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია და საჭიროებს მის აღმოფხვრას. სწორედ სიღარიბემ და დაუსაქმებლობამ აქცია ორ მილიონამდე ქართველი იძულებით ემიგრანტად. რიცხობრივად ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს პროცესი დამანგრეველია.

საქართველოს ხელისუფლება მოვალეა, დაუყოვნებლივ გაატაროს მკაცრი პრევენციული ეკონომიკური პოლიტიკა და საგანგებო ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა ამ მეტად აქტუალური პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე მეცნიერ-ეკონომისტებმა უნდა შეიმუშაონ რეალური გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს სიღარიბის აღმოფხვრას და მოსახლეობის ცხოვრების დონის შესამჩნევ ამაღლებას.

დასკვნა

საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მისი არცთუ ისე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ცხოვრების დონის თანდათანობით ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. ამის საფუძველს გვაძლევს სიღარიბისა და დასაქმების დინამიკის გარკვეული პროგრესი, მაგრამ ამის რეალიზაციის გზა არსებობს მრავალნაირი კომპონენტების მეშვეობით მისი ჩართვით გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში.

ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების გაზრდა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია უცხოური საინვესტიციო კაპიტალის შემოდინებაზე. ამის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მცირე ბიზნესის განვითარება, რომლის ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და მისი უკუგების მაღალი დონე.

სიღარიბის აბსოლუტური რაოდენობის შემცირება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა სფეროებში მათი დასაქმებითა და ახალი ინოვაციური მცირე საწარმოების პერიფერიზაციითაც არის შესაძლებელი. ეს კი დემოგრაფიულ ეფექტთანაცაა დაკავშირებული. ყოველივე ეს მოითხოვს სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების ფართო სპექტრის შექმნას და მათ გარკვეულ ლიბერალიზაციას. ეს საქართველოს ევროპული გზის მთავარი სტრატეგიული მიმართულების წინაპირობაცაა.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ნოდარ ჭითანავა, საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია. თბილისი  2018.
  2. www.Geostat.ge.
  3. www.stat.ee/en.
  4. www.world.Bank.org